Accentnews.ge
ზახაროვა: საქართველოს ადრეც იყენებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაციისთვის

ზახაროვა: საქართველოს ადრეც იყენებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაციისთვის

08/02/2024 13:21:32 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა "რუსეთში ტერაქტების განსახორციელებად გამიზნული ასაფეთქებლების უკრაინული პარტიის საქართველოში დაკავების" შესახებ სუს-ის განცხადებას კრემლის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივებით ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს ადრეც იყენებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაციისთვის".

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველო, მისი ტერიტორია გამოიყენება მათ მიერ, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. შეგახსენებთ საერთაშორისო ტერორიზმის თარეშს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლის დროსაც სწორედ საქართველოს ტერიტორიას იყენებდნენ (ან ცდილობდნენ, ზოგჯერ - წარმატებით, ზოგჯერ - წარუმატებლად) საერთაშორისო ტერორისტები იარაღის, ამუნიციის, საბრძოლო მასალის, ფულისა და ნარკოტიკების გადასაზიდად, რის გარეშეც მაშინაც და ახლაც ტერორიზმი კიევის რეჟიმის მაგალითზე არასრული იქნებოდა თავის დახასიათებებში" - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, მას არ დაუზუსტებია, თანამშრომლობს თუ არა თბილისი რუსეთის ხელისუფლებასთან ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებში: "ამ კითხვით რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართეთო".

ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ითქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო აკუმულატორების ყუთებში.

სუსში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი თბილისში დატოვეს.

„ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს“,– თქვეს სუს–ში.

სუს–ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.

„პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ“,– ამტკიცებს სუს–ი და დასძენს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.

„რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“,– ხაზს უსვამენ სუს–ში.

მოგვიანებით მგელაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში თქვა, რომ ითანამშრომლებენ როგორც უკრაინულ მხარესთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც გამოიარა ტვირთმა.

„ჩვენ უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით, მივაწოდეთ მეტი დეტალი და ველოდებით შესაბამის ინფორმაციას, რომელიც გარკვეულ დეტალებს დაადასტურებს“.

ასევე გაიმეორა, რომ „რა დგას ამ საქმის უკან“, სუს–ისთვის ცნობილია და რომ მიზანი ტერორისტული აქტების დაგეგმვა–განხორციელებაში საქართველოს დადანაშაულება იყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S