რას პასუხობს დარჩიაშვილი ინჯიას ინიციატივაზე, შეიქმნას ჟენევის პარალელური ფორმატი ჩინეთთან
07/02/2024 10:52:09 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქმნას კიდევ სხვა ფორმატი, რომელშიც წამყვანი ქვეყანა ჩინეთი იქნება.
„ჟენევის ფორმატში აშშ-ის გარდა ჩართულია ევროკავშირი, ეუთო, გაერო და ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ერთადერთი პლატფორმა, რომელშიც წარმოდგენილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, სხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ისინიც იღებენ აქ მონაწილეობას და ამიტომ, ეს პლატფორმა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, რომ შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში. ძალიან რთული იყო მორიგი რაუნდის გამართვა, რაც ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ, რომ მაშინ მორიგი რაუნდი გამართულიყო. ვაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას", განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, "ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი".
"ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება“, – განაცხადა მან.
დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
მანამდე, ინჯიამ დრჩიაშვილს ასე მიმართა:
„მაინტერესებს ჟენევის ფორმატი. თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს, რუსეთს საკუთარი ინტერესები განაღდებული აქვს, ის წარმოდგენილია საქართველოში, 40 კილომეტრშია. აშშ-ს ასეთი სტატუს-კვო აწყობს, დიდად არ არის დაინტერესებული, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ამ საკითხს გადავწყვეტთ, ისინი სხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ხომ არ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას. თუ ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ, შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია. თქვენი მოადგილეები ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ იმათ არაფერი შეუძლიათ. ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთს, რაც არასწორია, ერთი-ერთზე უნდა ვისაუბროთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, ამაზე მრავალჯერ ითქვა. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩინეთთან. ამის შემდეგ გარკვეული ფანჯარაა - სიწყნარეა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააქტიუროს, სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი გააკეთოს ამისთვის“.
ინფორმაციისთვის: გასულ წელს ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მის პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმად, „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას. თუმცა სანაცვლოდ საქართველო ვერ იღებს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.
იხილეთ ასევე: "ჩინეთს საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მხარი არასოდეს დაუჭერია და არც დაგვიჭერს - რუსეთის გამო"


