
რა გეგმები აქვს სამინისტროს მეწყერსაშიშ ზონებში
06/02/2024 15:01:17 საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ქვეყნისმასშტაბით 245 დაკვირვების ჰიდრომეტეო სადგური იმუშავებს, რაც მისი თქმით, გააუმჯობესებსადრეული გაფრთხილების სისტემას. საკითხი არაერთგზის გახდა აქტუალური ქვეყანაში განვითარებული სტიქიური პროცესების შემდეგ.
მინისტრის თქმით, წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები. ასევე, ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.
მინისტრი აანონსებს, რომ გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება. მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.
„2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში განვითარებულმა მასშტაბურმა სტიქიამ, რომელიც სამწუხაროდ კლიმატური ცვლილებების თვალსაჩინო მაგალითია, უდიდესი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მომხდარი სტიქიასთან დაკავშირებით მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური დასკვნის მომზადება. სწორედ ამიტომ, დასკვნის შედგენის პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო სპეციალისტები, რომელთაც მსგავსი სტიქიური პროცესების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. განხორციელდა ექსპედიცია მყინვარ ბუბაზე და ადგილზე დეტალურად იქნა შესწავლილი მდგომარეობა.
რამდენიმე დღეში, სააგენტოს სპეციალისტებს ექნებათ შეხვედრა ადგილობრივ ექსპერტებთან რომლებთანაც ამ საკითხებზე გვქონდა არაერთი განხილვა, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და არაუგვიანეს მომავალ კვირას წარვუდგენთ საბოლოო დასკვნას საზოგადოებას, რომელშიც მოცემული იქნება აგრეთვე რეკომენდაციები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.