NYT: მოსკოვმა ფხენიანს საბანკო ანგარიში გაუხსნა ოკუპირებულ ცხინვალში

06-02-2024 17:11:03 ეს საინტერესოა

რუსეთმა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მისცა საშუალება ჩრდილოეთ კორეას, მიეღო წვდომა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე და ასევე განბლოკა აქტივების ნაწილი, რომელიც ექვემდებარებოდა გაეროს სანქციებს, – იუწყება The New York Times აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დაზვერვიდან წყაროებზე დაყრდნობით.

ზუსტდება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა რუსულ ბანკებში გაყინული დაახლოებით 30 მილიონი დოლარიდან ცხრა მილიონი დოლარის განბლოკვა. ამ რესურს ფხენიანი სავარაუდოდ, დახარჯავს ნავთობის შესყიდვაზე. გარდა ამისა, წყაროები ამბობენ, რომ მოსკოვმა ფხენიანს საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება მისცა რუსეთისვე ოკუპირებული ქართული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი ფრთხილად იმოქმედებს. გაეროს მხრიდან პრეტენზიების შემთხვევაში, რუსულმა მხარემ შეიძლება, თქვას, რომ აქტივები განბლოკა კერძო ბანკმა და ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ იციან მოსკოვის ფხენიანთან შეთანხმების დეტალები, წერს The New York Times. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ ეს ფინანსური ტრანზაქციები თანხვედრაშია აშშ-ის მოლოდინებთან იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოითხოვოს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან იარაღის მიწოდების სანაცვლოდ.

2023 წლის ოქტომბერში თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღის პარტია მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც სავარაუდოდ, ასახავდა საბრძოლო მასალის გადაზიდვას ჩრდილოეთ კორეის საწყობიდან. იარაღი დატვირთული იყო რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე და გაგზავნეს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარე საწყობში. ვაშინგტონის ცნობით, მიწოდება მოხდა გასული წლის 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ფხენიანმა სამ თვეში მილიონი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა რუსეთში.

იანვარში კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლახანს მიაწოდა რუსეთს ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და ბალისტიკური რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა უკვე გაუშვა ჩრდილოეთ კორეის რაკეტები უკრაინაში მასიური დარტყმების დროს 2023 წლის 30 დეკემბერს და 2024 წლის 2 იანვარს.

გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა ქვეყანამ რუსეთი ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის აკრძალვის დარღვევაში დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წელს განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ინარჩუნებს თავის პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოში“, ანუ მხარს უჭერს გარკვეული სანქციების მოქმედებას ფხენიანის წინააღმდეგ. პესკოვის თქმით, ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები