
ვახტანგ გომელაური – გინტურის საქმეზე: რთულია, ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით
05/02/2024 10:44:03 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რთულია რეაგირება თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიების კუთხით, როცა ვერ ხერხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.
„ნამდვილად საზარელი ფაქტი იყო, რაც მოხდა სოფელ კირბალში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, დიდი ხანია, რაც ვიკავებ მინისტრის თანამდებობას, ასევე უსაფრთხოების სამსახურში ვიყავი, არაერთი შემთხვევა იყო. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რთულია, ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როცა ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ვთქვათ, გაძლიერება ამა თუ იმ სექტორის, ადგილის, სამმხრივად ხდება შეთანხმება. ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების ან გადატანის შესაძლებლობა, თუნდაც 10 მეტრითაც რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან. აქედან გამომდინარე, რთულია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ მოძრავი პატრული დავნერგოთ და უფრო სიღრმეში ვიმუშაოთ, რათა არ მოხდეს იგივე შენიშვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, არა მარტო ამ მიმართულებით. მთლიანად გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია, 391 კილომეტრია, წარმოგვიდგენია ფიზიკურად ყველას გაკონტროლება? თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100-პროცენტიან კონტროლს. დიდი ქვეყნებიც კი, როგორიც აშშ-ია, ვერ აკონტროლებს საზღვარს ასი პროცენტით. მექსიკის საზღვარზე პრობლემები ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ. ასევე, იმ სოფელში, სადაც მოკლეს ჩვენი მოქალაქე, დამატებული იყო ისედაც მოძრავი პატრული, თუმცა, სამწუხაროდ, ხდება ჩვენი მოქალაქეების გადასვლა საოკუპაციო ხაზზე, იქით მხარეს და ხდება ხშირად დაკავება, ღმერთმა დაგვიფაროს, ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მკვლელობით მთავრდება, თუმცა ხშირი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს გაკონტროლება, სადაც უფრო მოწყვლადი სოფლებია, სადაც ძალიან ახლოს არის მოსახლეობა, თუმცა ასეთი ბევრია. რაღაც ნაბიჯს გადავდგამთ და ეს დამთავრდება, აღარ მოხდება არასდროს – ამას ვერც მე გეტყვით და ვერც ერთი მინისტრი, ვინც ჩემს შემდეგ იქნება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
10 იანვარს თამაზ გინტურის ძმამ ნიკოლოზ გინტურმა მისი ძმის მკვლელობის საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღება დააანონსა.
როგორც ნიკოლოზ გინტური აცხადებს, მისი ძმის მკვლელობიდან ორი თვე გავიდა, ოჯახს კი გამოძიებასთან კითხვები დაუგროვდა. მისი თქმით, მას პროკურატურიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
"ამ დრომდე ველოდები, არავინ გამომხმაურებია. ტელეფონზე ვრეკავ, პასუხს არავინ მცემს და არ ვიცი რა ხდება. მე ისე ვატყობ, ჩვენი პროკურატურის იმედიც არ მაქვს და უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, დანარჩენი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა და არაფერი ვიცი გამოძიებაში რა ხდება, საქმის მასალა სადამდეა მიყვანილი. ჩვენთვის მთავარია დაისაჯოს ჩემი ძმის მკვლელი, ვინც ჩემი ძმა ჩაცხრილა, ჩვენმა მთავრობამ მოითხოვეს მისი საქმე, წამოიღოს საქართველოში, ქართველ ხალხში, საქართველომ გაასამართლოს და აგებინოს პასუხი", – აცხადებს ნიკოლოზ გინტური.
ამასთან, მისი თქმით, ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს თამაზ გინტურის მანქანის დაბრუნებას.
"ამ დრომდე ვითხოვ მანქანის დაბრუნებას, რომელ მანქანაშიც ჩემი ძმა ჩაცხრილეს, ოჯახს სჭირდება მანქანა, ჩემი ძმის მეუღლე "დიალიზზე" არის, დღეგამოშვებით დაგვყავს გორში. არ არის იმდენი საშუალება, რომ მეზობლებმა ატარონ", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
ცნობისთვის: 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.