
რა ძირითადი მიგნებები გამოკვეთა DRI–მ ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების შედეგად
02/02/2024 12:11:23 საზოგადოება
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" (DRI) ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობაზე 8 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა სოციალურ ქსელებში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვება, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.
DRI–ს ანგარიშის თანახმად, "სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ.
- პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას. სექტემბრიდან კი რეზონანსულ საკითხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობაში მხილებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფირცხალაძის დაცვა იქცა.
- ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა,რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა".
ანგარიშში მიმოხილულია თბილისი პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქციების დაკვირვების შედეგები. "დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებს სისტემატურობა და დისციპლინა ახასიათებს. ასევე, შესამჩნევია სამართალდამცავთა ლოიალური დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე ლიდერებისადმი", – აცხადებს ორგანიზაცია.
ანგარიშის მიხედვით, "2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა".
ძირითადი მიგნებები
- "საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში ძლიერია ჰომოფობიური განწყობები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რელიგიურ-ეროვნულ სენტიმენტებზე აპელირებასთან.
- შემაშფოთებელი ტენდენციაა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციების თანხვედრა ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზაციის კუთხით. აღნიშნული ტენდენცია ახალისებს ძალადობრივ პრაქტიკებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ და აღვივებს საზოგადოების პოლარიზაციას.
- ონლაინ მედიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით, პროკრემლისტურ მეთოდებზე დაყრდნობით ქმნიან ყალბ მედია კონტენტს.
- სოციალურ და ონლაინ მედიაში მიმდინარე ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება ანტიამერიკული განწყობებით და მკვეთრად პრორუსული გზავნილებით.
- ულტრამემარჯვენე ჯგუფების დისკურში აქტუალობას ინარჩუნებს ანტიდასავლური გზავნილები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე განიცდის ტრანსფორმაციას. მიმდინარე დისკურსში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
- ულტრამემარჯვენე ჯგუფები მხარდამჭერთა მობილიზაციისა და საპროტესტო აქციების ორგანიზების მიზნით, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. ამ ეტაპზე, მათი საქმიანობის ძირითადი არეალი სწორედ ონლაინ პლატფორმებია", – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- "მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა.
- ხელისუფლების პასიურობის ფონზე, სამოქალაქო სექტორმა აქტიურ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობრივი დღის წესრიგიდან მომავალი საფრთხეების შესახებ.
- კვლევითმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ იმ ძირითადი მიზეზების შესწავლა, რაც ასაზრდოებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.
- მნიშვნელოვანია, სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან შემუშავდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა იმ დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირების წინააღმდეგ, რასაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები აწარმოებენ სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით.
- ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაცხადებული მიზნის მქონე პოლიტიკური დაჯგუფების ფინანსების წარმომავლობასა და გამჭვირვალობაზე".