
ნატა ფერაძე: ცხოვრებაში პირველად ვლაგდები ციხისთვის
02/02/2024 08:33:39 საზოგადოება
აქტივისტი ნათა ფერაძე მის სახლში სამართალდამცველების გამოჩენის შესახებ იუწყება.
მოგვიანებით მან "ფორმულას" ეთერში განმარტა, რომ სამართალდამცველებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცეს.
"ახლა მოვლენ და ხუთი დღით თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს სტალინზე საღებავის შესხმისთვის. იმასაც დავამატებ, რომ საღებავი შეესხა მინას და არა სტალინს და ის ხელუხლებელია, არ გაფუჭებულა. ახლა ველოდები გადაყვანას... ცხოვრებაში პირველად ვლაგდები ციხისთვის",– თქვა ფერაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრლმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.
ცნობისთვის: ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში 6 იანვარს გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
7 იანვარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან პროტესტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო.
11 იანვარს საპატრიქრომ მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამჟამად ხატი სამებაში არაა და როგორც განიმარტა, ცვლილებებისთვის გადაიტანეს.