ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადეს
01/02/2024 11:17:54 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა ერთსულოვნად განაცხადეს.
„მივაღწიეთ შეთანხმებას. ყველა [წევრი სახელმწიფოს] ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50-მილიარდიან დახმარებაზე უკრაინისთვის, ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინის ხანგრძლივ და პროგნოზირებად დაფინანსებას. ევროკავშირი თავის თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ვიცით, რისი ბედი წყდება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ლიდერები ყოველწლიურად გამართავენ კონსულტაციებს დახმარების გამოყენებაზე, ხოლო ორ წელიწადში დახმარების გამოყოფის გადახედვაც იქნება შესაძლებელი.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.
საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.


