Accentnews.ge
ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“ ლონდონში დააკავეს

ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“ ლონდონში დააკავეს

01/02/2024 05:38:26 მსოფლიო

ლონდონში დააკავეს ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დმიტრი ოვსიანიკოვი. მას დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას ედავებიან.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქცირებულთა სიას ოვსიანიკოვი 2020 წლის დეკემბრიდან დაამატა. სანქციები მოიცავდა მისი აქტივების გაყინვას და მისთვის სატრასტო მომსახურების გაწევის აკრძალვას. ამასთან, ოვსიანიკოვისთვის არ აუკრძალავთ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა.

The Times-ის ცნობით, დმიტრი ოვსიანიკოვს ბრალად ედება ანგარიშის გახსნა ბანკში Halifax Bank of Scotland და ანგარიშზე 65 ათასი გირვანქა სტერლინგის შეტანა. ასევე, 77,5 ათასი გირვანქა სტერლინგის ნაღდი ფულის სახით შენახვა. ოვსიანიკოვი ლონდონის ერთ-ერთ საპატიმროშია და სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება.

ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებიც მოქმედებდა, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში ოვსიანიკოვმა სასამართლოს გზით მიაღწია ამ სანქციების გაუქმებას.

უკრაინის ქალაქ სევასტოპოლს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული, ოვსიანიკოვი 2016-2019 წლებში ხელმძღვანელობდა ჯერ ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, შემდეგ კი "გუბერნატორის" სტატუსით.

ე.წ. გუბერნატორობამდეც და მის შემდეგაც დმიტრი ოვსიანიკოვი იყო რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. ამ თანამდებობიდან რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა 2020 წელს გაათავისუფლა. ფორმალურ მიზეზად დასახელდა მინისტრის ერთი მოადგილის თანამდებობის საერთოდ გაუქმება. თუმცა სავარაუდოდ, ოვსიანიკოვი მოხსნეს ქალაქ იჟევსკის აეროპორტში სკანდალის გამო, როცა დადგენილი წესებით შემოწმებაზე უარი თქვა და აეროპორტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტის გამო ოვსიანიკოვი გარიცხეს პუტინის მხარდამჭერი პარტიიდან „ედინაია როსია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S