
"მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო" – ლაშა ბუღაძე "ფორმულას" განცხადებას ეხმიანება
31/01/2024 12:31:55 საზოგადოება
მწერალი ლაშა ბუღაძე ტელეკომპანია "ფორმულას" განცხადებას არხზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სოციალურ ქსელში კრიტიკული "პოსტით" ეხმიანება.
"სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო". - წერს ბუღაძე.
31 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულამ“ არხზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გაავრცელა განცხადება. როგორც დაანონსდა მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.
"ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს",– ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, "ფორმულაში" აცხადებენ, რომ თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც:
"ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.
მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის".