Accentnews.ge
რესპუბლიკურის ექიმები: ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაცია, ხაფანგია – რეალურად ხელს აწერ, რომ სამსახურიდან მიდიხარ, ატყუებენ ხალხს!

რესპუბლიკურის ექიმები: ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაცია, ხაფანგია – რეალურად ხელს აწერ, რომ სამსახურიდან მიდიხარ, ატყუებენ ხალხს!

30/01/2024 08:58:37 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება.

მათი განმარტებით, ყველას, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ 12-თვიან კომპენსაციას მიიღებს, რეალურად, მოუწევთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ სამსახურს თავისი სურვილით ტოვებენ.

„როცა სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევას არქმევს რეორგანიზაციას და სინამდვილეში ეს არის თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა, რატომ უნდა შევწყვიტოთ თანამშრომლებმა ჩვენი სურვილით შრომითი ხელშეკრულება. შრომის კოდექსის 48-ე მუხლი ავალდებულებს, რომ რადგანაც ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ლიკვიდაციამდე ერთი თვით ადრე, ეს ავალდებულებს დამსაქმებელს გადაუხადოს დასაქმებულს, არანაკლებ 2 თვის კომპენსაცია. ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის. დაცინვაა, რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა კლინიკა თავისი ნებით, როცა კლინიკის ლიკვიდაციაა გამოცხადებული“, - თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ოთარიშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იზა ჯანაშვილი ამბობს, რომ შეთავაზებაზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აფრთხილებენ:

"ახლა ვიყავი კადრებში ასული და მითხრეს, თუ განცხადებას არ დაწერ წასვლაზე, არ მოგეცემა კომპენსაცია – 5–ში მაინც წახვალ და მოგეცემა მხოლოდ ორი თვის [კომპენსაცია]. 38 წელია, ვმუშაობ და ამ ფარატინა ქაღალდის ღირსები ვართ, რომლითაც გვატყუებენ?! ცოდოა ეს ხალხი, სიმართლე მაინც თქვან, რა გველის".

ქირურგი კახი ხუციშვილი "ხაფანგს" უწოდებს კომპენსაციას:

"ეს ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაცია, დაგებული ხაფანგია, რომ ხელი მოაწერო. ხოლო რეალურად ხელს მხოლოდ და მხოლოდ იმას აწერ, რომ საკუთარი ნებით მიდიხარ სამსახურიდან და ამ შემთხვევაში განხილული იქნება ვარიანტები, დაგიდებენ რომელიმე ხელშეკრულებას...იმასაც ატყუებენ, რომ ვითონ შენ თუ ამ პუნქტს მოაწერ ხელს, ამ პუნქტით მიიღებ კომპენსაციას... სამარცხვინო დამოკიდებულებაა საკუთარი მედპერსონალის მიმართ, რომელმაც აქ რა არ გადაიტანა კოვიდის დროს...".

შეკრებილები აცხადებენ, რომ ძირითადად განცხადებები დაწერეს ადმინისტრაციის და დაცვის თანამშრომლებმა.

მედპერსონალი ამზადებს სარჩელს მთავრობის განკარგულების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. 600 თანამშრომლისადმი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.

- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

- სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.

- სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად ვადა 15 თებერვლამდე აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S