
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის პროტესტი გრძელდება
29/01/2024 09:03:44 საზოგადოება
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, ზაზა დემეტრაშვილი აცხადებს, ფონდი „ქართუს“ დასკვნა ადასტურებს იმას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დასანგრევი არ არის და დემონტაჟს არ ექვემდებარება.
მისივე ცნობით, განცხადების თანახმად, შენობაში გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება.
„2018 წლის სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, მზიდი კონსტრუქციები არის მდგრადი, რაც ნიშნავს იმას, რომ შენობა დემონტაჟს არ ექვემდებარება. ხოლო, არამზიდი კონსტრუქციები, რეაბილიტაციას მოითხოვს და არა დემონტაჟს.
ფონდი „ქართუს“ და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, ფაქტობრივად ერთმანეთს ავსებს და ადასტურებს იმას, რომ კონსტრუქცია დასანგრევი არ არის,“-აცხადებს დემეტრაშვილი.
მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2007 წელს, ფონდს ტერიტორია ჰქონდა შესწავლილი და ამ შენობის ნაცვლად, ახალი კლინიკის აშენებას გეგმავდა. თუმცა, რატომ არ მოხდა ახალი კლინიკის მშენებლობა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;საჩხერის რესპუბლიკური საავადმყოფო;პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა;ჯეო ჰოსპიტალი ქსელი;კავკასიის მედიცინის ცენტრი;ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;იმედის კლინიკა;დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართვას უპასუხა:
ფონდში განმარტავენ, რომ „ქართუს“ დაკვეთით 2007 წელს მართლაც მომზადდა რესპუბლიკური საავადმყოფოს კვლევა და საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენებასა და გარკვეული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 35 მლნ დოლარი დაიხარჯა.
„ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება მოიცვა ვნებათაღელვამ, რომელიც უკავშირდება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციას.
ვინაიდან ხსენებული კლინიკის პერსონალმა წერილობით მოგვმართა და ასევე საჯარო გამოსვლებში ახსენა ფონდი „ქართუ“, ვითვალისწინებთ რა ამ თემისადმი არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, საჭიროდ ვთლით, ახსნა-განმარტება გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.
ფონდ „ქართუს“ წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას. 2007 წელს, ჩვენი დაკვეთით, ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანიამ, ARUP-მა მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა საავადმყოფოს კომპლექსის ძირეული გადაკეთება, განხორციელდებოდა არსებული ამორტიზებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი, მას შეეცვლებოდა ფუნქცია – კლინიკის მაგიერ იქ განთავსდებოდა სამედიცინო ინსტიტუტი და სასწავლებელი, ხოლო დღევანდელი შიდა ეზოს ადგილზე აღიმართებოდა კლინიკის ახალი კორპუსები საერთო ფართით 56’000 კვ. მეტრი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებსა და შეძლებდა სტაციონარული წესით ერთდროულად 772 პაციენტის მიღებას.
ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები. ძველ შენობას მრავალმხრივი პრობლემები გააჩნდა, რომელთა აღმოფხვრა არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით ვეღარ ხერხდებოდა. ძველი შენობა თვისობრივად არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აგების საჭიროება. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფონდი ქართუს“ ძალისხმევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართებით არ შემოიფარგლება ხსენებული პროექტის მომზადებით.
საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ამ თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქცია-რემონტი, და ასევე შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა და ავეჯი“, – აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.