
ბალახაძეების 7-წევრიანი ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია: მიკროსაფინანსო წამოვიდეს მოლაპარაკებაზე, მზად ვართ ვალდებულება გადავიხადოთ
26/01/2024 06:23:58 საზოგადოება
ბალახაძეების 7-წევრიანი ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული ცხოვრობს, გამოსახლების გადადებას ითხოვს. ოჯახი ამბობს, რომ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოჯახის გამოსახლება დღეს აქვს დაგეგმილი.
როგორც ელგუჯა ბალახაძე ამბობს, მზად არიან, რომ არსებული დავალიანება დაფარონ
"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წამოვიდეს ჩემთან მოლაპარაკებაზე. მე რომ არ დავრჩე ბოლო საცხოვრისის გარეშე. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულება გადავიხადოთ, დავფაროთ ეს დავალიანება თავის პროცენტებიანად. თუ მოლაპარაკება არ შედგა, ისევ ის სურათი გვექნება, რაც კეკელიძეზე განმეორდა და რაც მოსალოდნელია. ჩემი შვილიშვილი ხვალ ბაღში მიგვყავს და რომ მოვიყვან რა ვუთხრა ჩემს შვილიშვილს, 5 წლის ბავშვს რა პასუხი გავცე. ჩემი ავადმყოფი ძმა სასიკვდილოდ უნდა გავწირო, ჩემი ოჯახი უბრალოდ ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას", - ამბობს ელგუჯა ბალახაძე.
ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან” 20 000 დოლარი აქვს აღებული სესხად. გუჯა ბალახაძე ამბობს, რომ ეს თანხა ერთბაშად არ აუღიათ. მიზეზი იყო სხვადასხვა დროს, 2015-2016 წლებში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარდაუვალი საჭიროებები
მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 დოლარად, მაშინ, როცა სახლის რეალური ღირებულება დაახლოებით 100 000-ს აშშ დოლარს აღწევს. გუჯა ბალახაძე ჰყვება, რომ ამის უფლება ორგანიზაციას სასამართლომ მიანიჭა, რომელმაც დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ.
.