"ფსიქონევროლოგია იგივე რჩება" – ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმებმა სააკაშვილი მოინახულეს
25/01/2024 19:24:21 საზოგადოება
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდნენ. რამდენიმესაათიანი შემოწმების შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობა იგივე რჩება.
„კახექსიის მოვლენებს ნელ-ნელა მედიცინის თვალსაზრისით კლინიკის ექიმები უმკლავდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის ისევ იმ დონეზე რჩება. შფოთვები აქვს, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, გარემო არაფრით განსხვავდება იმ გარემოსგან, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთაშორისო დასკვნაში დევს, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია და ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური [მდგომარეობა], რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება მეორეჯერ გამოიწვიოს ისევ ის სომატური დარღვევები, არ აღდგება“, - განაცხადა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ.
ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამ დრომდე აქვს სისუსტე, ტკივილები სახსრებში და დეპრესიული განწყობა.
" მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ნევროლოგიური იგივე რჩება. ეს ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა, 77 კილოა უკვე. ეს მნიშნელოვანია, რომ მის სასიცოცხლო ფუნქციებს საფრთხე არ ემუქრება. რაშიც დიდი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, კლინიკა "ვივა მედის" თანამშრომლებმა, მის ასე დასტაბილურებაში, მაგრამ რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს, დაახლოებით იგივე რჩება, როგორიც იყო. როგორც ჩანს, დაზიანება, რომელიც თავიდანვე იყო საკმაოდ მძლავრი და ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად არ უმჯობესდება ხოლმე, მას კვლავ აღენიშნება შფოთვაც, ფორიაქიც, დეპრესიული განწყობაც და ეს მდგომარეობა გრძელდება. არასტაბილურად მიგვაჩნია ისევ და ისევ პაციენტი - მისი მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეზისტენტულია ამ მკურნალობის მიმართ" - თქვა თენგიზ წულაძემ.


