
ხატიაშვილებს ბინის დაბრუნებას ორი პირობით სთავაზობენ
25/01/2024 11:30:02 საზოგადოება
თბილისში, კეკელიძის #1–დან ძალის გამოყენებით გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი $90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს.
იუწყებიან, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი 24 იანვარს მოაწერეს, რომელიც ნოტარიულად უნდა დამოწმდეს.
დარეჯან დვალის ადვოკატის გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, დვალი ასევე ითხოვს, რომ მის მიმართ „ბულინგი" შეწყდეს.
„პირობები შემდეგია: $90 ათასის ოდენობით უნდა გამოისყიდოს ამ პიროვნებამ ეს სახლი. მას ეძლევა 1 თვის ვადა. ამის სანაცვლოდ ის დებს პირობას, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას, ზეწოლას, შანტაჟს და ფსიქოლოგიურ წნეხს ქალბატონ დარეჯან დვალზე“, – თქვა ადვოკატმა „ფორმულასთან“.
ასევე ფორმულასთან მარინა ხატიაშვილმა თქვა, რომ მის ოჯახს $70 ათასი აქვს მობილიზებული და სჭირდება კიდევ $20 ათასი:
„გვაქვს 70 ათასი და ახლა 20 ათასის მობილიზაცია ან ისევ სესხება მოგვიწევს. არ ვიცი როგორ იქნება”.
რაც შეეხება პირობას, რომ უნდა შეწყდეს დარეჯან დვალის "ბულინგი", ხატიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სურვილი არ ჰქონია, ხოლო აღელვებულ ხალხს თავად ვერ შეაჩერებს.