ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის მუხლით წარუდგინეს
25/01/2024 08:19:44 საზოგადოება
მოძრაობა ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ „ხმის“ წევრებს – გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ "აქცენტს" "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" განუცხადეს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მათ ინტერესებს.
ბრალის წარდგენა 24 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. პროკურატურას ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.
ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
არის მოლოდინი, რომ სახელმწიფო ბრალდება სასამართლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს, 25 იანვარს მიმართავს.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს კეკელიძეზე, სადაც მოქალააქეები ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.


