Accentnews.ge
"პროტესტი გაგრძელდება" – ექიმები აქციას მართავენ

"პროტესტი გაგრძელდება" – ექიმები აქციას მართავენ

25/01/2024 07:55:57 საზოგადოება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას მართავს.

მედიკოსები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

მათი თქმით, რეკონსტრუქციის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიშალოს.

„გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. მიმდინარეობდა შეხვედრები, გვპირდებოდნენ, რომ არაფერს არ გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოლაპარაკების, საექსპერტო დასკვნების გარეშე. იყო ვარიანტების წარმოდგენის მოთხოვნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით. დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისთვისაც – ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკა გაურკვეველი ვადით იხურება! ონკოლოგიის კლინიკის მაგალითი გვაქვს, რომელიც ასეთი დაპირებით მიატოვეს",– თქვა ექიმმა მალხაზ გოგუამ მედიასთან.

რაც შეეხება სახელმწიფოს შეთავაზებებს – კომპენსაციები და სხვა კლინიკებში დასაქმება – ის "მოსყიდვის და გაჩუმების" მცდელობად აფასებს.

ექიმი ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება, "სანამ რამე არ გაირკვევა".

"დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რაღაც საკითხები არ განიხილება, ამიტომ აქციები მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა მკაცრი, რადიკალური სახე მიიღოს. ვაპირებთ სახელმწიფოს ყველა უწყებასტან მისვლას და აქციას. მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ეს საზოგადოებასაც ეხება, რადგან ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს მთავარი საავადმყოფოს გარეშე", - ამბობს ექიმი მალხაზ გოგუა.

როგორც დაანონსდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი უნდა აშენდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S