
„სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად" ზელენსკის მიმართავენ
24/01/2024 13:20:08 პოლიტიკა, საზოგადოება
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უმაღლეს რადას და უკრაინის სახალხო დამცველს საქართველოდან თხოვნით მიმართავენ საზოგადოების რიგი წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
წერილზე ხელმოწერების შეგროვება 24 იანვარს თბილისში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. და საბოლოოდ ის კიევში გასაგზავნად საქართველოში უკრაინის საელჩოს გადაეცემა.
წერილის ხელმომწერები უკრაინის ხელისუფლებას სთხოვენ, მიმართონ უკრაინის პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და სტუდენტები.
ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ქართული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი.
2024 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და გარდამტეხი მომენტი მისი ევროპული მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და საერთო ევროპული პოლიტიკური სპექტრის უმნიშვნელოვანესი ლიდერი, რომლის თავისუფლებაზე ყოფნა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.
ვთანხმდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. გთხოვთ მიმართოთ უკრაინის პროკურატურას დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი", - ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერები არიან მხატვარი გია ბუღაძე, არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, მსახიობი კახა გოგიძე, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, მიწათმომწყობი ივერი მელაშვილი და სხვ. წერილს შეუერთდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც.