
კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე "ბასლეინის" მოწყობა განიხილება
24/01/2024 11:11:42 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლების (ე.წ. "ბასლეინი") მოწყობა განიხილება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დანიური კომპანიის „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტებისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა.
„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, იყოს ტრამვაი მეტროც. ზოგადად, ისე გადატვირთულია აღმაშენებლის ხეივანი, რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსე ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, — განცხადა კახა კალაძემ.
მან ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს დაავალა, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.