
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ორი პირი 2 000–2 000 ლარით დააჯარიმეს
24/01/2024 11:01:05 საზოგადოება
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული მუხლით დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულთა ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათი იურისტების დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი თავისუფალია. ექვსი მათგანის სასამართლო პროცესები გაიმართება.
კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოძრაობა „ხმის" ორი თანადამფუძნებელის გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, 25 იანვარს შედგება. მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად) ედავებიან. მუხლი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის, გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.
განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე აკადემიური სფეროს 23 წარმომადგენელი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა მოქმედებდნენ ადამიანთა ფუნდამეტური უფლების დაცვის მიზნით და წინააღმდეგობას უწევდნენ გამოსახლების არაჰუმანურ მეთოდებს.
ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, გააცნობიეროს საქმის ვითარება და იმოქმედოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ჩვენთვის აშკარაა, რომ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას არ ჰქონიათ დანაშაულებრივი განზრახვა, არამედ ძალადობრივი გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას მოქმედებდნენ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნით, კერძოდ, საცხოვრისის უფლების შენარჩუნებისა და ამ გზით, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსეულ ცხოვრებაზე უფლების დაცვისთვის. ამრიგად, გიორგი და აკაკი წინააღმდეგობას უწევდნენ გამოსახლების იმ არაჰუმანურ, ძალადობრივ და ღირსების შემლახავ მეთოდებს, რაც, ამჯერად, ხატიაშვილების ოჯახის მიმართ აღსრულების პოლიციამ გამოიყენა.
არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა გვაჩვენებს, რომ საქართველოში გავრცელებული ჭარბვალიანობა, მტაცებლური დაკრედიტება და იძულებითი გამოსახლების პრაქტიკა უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. ამ კვლევების მიხედვით, ქვეყანაში პროგრესულად იზრდება ღარიბი შინამეურნეობების მიერ აღებული ვალი, რაც ოჯახებს კიდევ უფრო აღარიბებს, რადგან ისინი შემოსავლების ნახევარზე მეტს ვალის მომსახურებაში იხდიან.
მაღალი და მზარდი საპროცენტო განაკვეთი, არასტაბილური გარემო და უსამართლო ხელშეკრულებები, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და უამრავ ოჯახს უსახლკაროდ ტოვებს. ეს კი ისედაც გაღარიბებულ ადამიანებს სამუდამოდ სწირავს და უხშობს პერსპექტივას გააჩნდეთ ღირსეული ცხოვრების, შრომისუნარიანობისა თუ კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირობები.
გარდა ეკონომიკური ზარალისა, უკანასკნელი საცხოვრისიდან ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლება უდიდეს ტრავმას ტოვებს ოჯახის წევრებზე – მოხუცებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. ანთროპოლოგიური კვლევები გვაჩვენებენ, რომ ეს ტრავმა და საცხოვრისის დაკარგვით გამოწვეული სირცხვილი თაობიდან თაობასაც კი გადაეცემა, რასაც ვერავითარი მატერიალური კომპენსაცია ვერ გადაფარავს.
გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სწორედ, ამ კონტექსტის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევიან. ამიტომ ისინი წინააღმდეგობას არა რომელიმე კონკრეტულ პოლიციელს, თუ აღსრულების ბიუროს კერძო წარმოამდგენელს უწევდნენ, არამედ იმ გარემოს, რომელიც ადამიანების მომავალს სამუდამოდ ასახიჩრებს.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მოვუწოდებთ სახელმწიფოს გააცნობიეროს საქმის ვითარება, გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება და კვლევების შედეგები და იმოქმედოს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების, მოქალაქეებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის უწყებებს გაითვალისწინონ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას საქმის კონტექსტი, სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ აქტივისტური ბრძოლის მნიშვნელობა და ის განზრახვა, რომელიც ამ ადამიანებს ამოძრავებდათ საერთო საზოგადოებრივი ინტერესების – უსახლკარობისა და გაღატაკებისგან ოჯახების დასაცავად. მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა და შეწყდეს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დაკავებულები დროულად გათავისუფლდებიან, რათა მათ შეძლონ აკადემიური საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში წვლილის შეტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.