
სააგენტო: ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს
24/01/2024 10:33:38 საზოგადოება
ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს,- იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, 20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.
"ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა,– აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე.