
კალაძე: გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენს თანამშრომლებს შეურაცხყოფენ და ზოგჯერ, ფიზიკურადაც კი ეხებიან, თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ
24/01/2024 10:07:28 საზოგადოება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.
კახა კალაძემ თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.
„კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. მე ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში და ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, გვყავს შვილები, გვეზრდება მომავალი თაობა, წესრიგის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა კი არის მნიშვნელოვანი. ამაზე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს - იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.