
ომის ვეტერანის გამოსახლება გადაიდო
24/01/2024 07:24:41 საზოგადოება
24 იანვარს კიდევ ერთი ოჯახის – კაკიაშვილების გამოსახლება იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც ირკვევა, პროცესი გადაიდო. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გააჟღერებს.
მანამდე მოქალაქეები ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში, ცოტნე დადიანის #259 ნომერთან შეიკრიბნენ ოჯახის მხარდასაჭერად. მათთან ერთად ერთად იმყოფება ოჯახი, რომელიც კეკელიძის #1–დან 23 იანვარს გამოასახლეს დაპირისპირების ფონზე და რასაც 20 ადამიანის დაკავება მოჰყვა, მათგან ორის სისხლის სამართლის მუხლით.
ბინაში, საიდანაც ოჯახის გამოსახლება იგეგმება, სამი ადამიანი ცხოვრობს: მარიამ კაკიაშვილი, რომელიც აგვისტოს ომის ვეტერანია და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი.
სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ამბობს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ რჩება.
"არ მაქვს არსად წასასვლელი... ყველაზე დიდი, გადამიდონ [გამოსახლება] 3 თვით და იგივე უნდა განმეორდეს. ამდენად, აზრს ვერ ვხედავ. თუ მოლაპარაკებაში არ მეხმარები, თუ არ მეხმარები იმაში, რომ შენ წამოიყვანო გამსესხებელი, რომ მარტო თავისი პირობებით არ იყოს და ჩემი არ გაითვალისწინო, შედეგი ერთი და იგივე იქნება", - ამბობს მაია კაკიაშვილი.
23 იანვარს იძულებითი წესით გამოასახლეს ხატიაშვილების ოჯახი.
მარინა ხატიაშვილი ყვება, რომ მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა. საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000, ხოლო კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში $80 000 აქვთ გადახდილი.