
კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლებისას სულ მცირე, 10 ადამიანი დააკავეს
23/01/2024 11:56:22 საზოგადოება
თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლებისას სულ მცირე, 10 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორისაა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ტერიტორიაზე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა.
ანა დოლიძის ინფორმაციით, დაკავებულია მისი თანაპარტიელი ბესიკ ჩაკვეტაძე, ასევე ირაკლი კაკაბაძე.
შსს–ს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან და ისინი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე შსს-ს შენობაში არიან გადაყვანილები.
ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები. იყო დაპირისპირება. იუწყებოდნენ სამართალდამცველების მიერ "წიწაკის სპრეის" გამოყენების შესახებ, რასაც აღსრულების ეროვნული ბიურო უარყოფს.
მოგვიანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ, "წიწაკის სპრეი", რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზედაც მოვალემ უარი განაცხადა.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი:
"მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება",– დაწერა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.