
ქადაგიშვილი – გამოსახლებაზე: არსებობს სახელმწიფო
23/01/2024 11:22:27 პოლიტიკა, საზოგადოება
ზამთარში ოჯახის იძულებით გამოსახლებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე 23 იანვარს განვითარებული მოვლენები იმით ახსნა, რომ "არსებობს სახელმწიფო".
„არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის არ სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს. კანონი მხოლოდ კანონისთვის ხომ არ სრულდება? ვიღაცა კონკრეტული სხვა ინტერესისთვისაც სრულდება, მითუმეტეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვისაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება ეხება, უკმაყოფილოა, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა იქ არის თუ არ არის, უკმაყოფილოა",– თქვა დეპუტატმა.
ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები. იყო დაპირისპირება. იუწყებიან დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ.
მოგვიანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ, "წიწაკის სპრეი", რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზედაც მოვალემ უარი განაცხადა.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი:
"მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება",– დაწერა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.