
"ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია": რა ხდება კეკელიძეზე
23/01/2024 08:00:22 საზოგადოება
"ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!",– ასე ეხმიანება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს.
ამჟამად ხმაური და დაპირისპირებაა კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს.
კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. აღსრულების პოლიციის კორდონი კართან დამცავი ფარებით დგას.
დაპირისპირებაა ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ანა დოლიძის პარტიის წევრიც. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.
ფოტო: "მაუწყებელი".