
როდის ექნება ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა
22/01/2024 13:50:54 საზოგადოება
გვინდა, რომ მარტის თვიდან ინფექციურ საავადმყოფოს ჰქონდეს თავისი თანამედროვე და მაღალი სტანდარტის შენობა - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც მას ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი დაწესებულების სპეციფიკაა.
"მოგეხსენებათ, ეს ადამიანები 2009 წლის შემდეგ მოლოდინის რეჟიმში არიან. მაშინ გაიყიდა ინფექციური საავადმყოფო. მე, როცა 2022 წელს მოვედი, მაშინ უკვე შეძენილი იყო ახალი შენობა. ვფიქრობ, ძალიან ოპერატიულად შევძელით კომპანიის შერჩევა და სამუშაოების დაწყება.ძალიან ბევრი გადაკეთებები და ნიუანსები იყო თავად ინფექციური საავადმყოფოს სპეციფიკიდან გამომდინარე, რამაც ძალიან ბევრი დრო მოითხოვა. მინდა, აქვე დავაზუსტო, სარემონტო ბიუჯეტის ნაწილში, არც ერთი ლარით არ მომხდარა ზრდა. დაგვიანების გამო კი, კომპანიას აქვს არაერთი ჯარიმა.
ჩვენ, ინფექციურის თანამშრომლებთან და კომპანიასთან ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ პროცესი. პარალელურად მიდის აღჭურვის შესყიდვების პროცესი. გვინდა, რომ მარტის თვიდან ერთხელ და სამუდამოდ ინფექციურ საავადმყოფოს ჰქონდეს თავისი თანამედროვე და მაღალი სტანდარტის შენობა. ჩვენ, GCI სტანდარტით გვინდა იყოს ახალი ინფექციური. ყველა სპეციფიკა და ნიუანსი გვინდა იყოს გათვალისწინებული" - განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა.