
"საპოლიციო გამოსახლების" ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს გაზაფხულზე წარედგინება
22/01/2024 13:25:54 საზოგადოება
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ახალ კანონპროექტზე იუსტიციის სამინისტროს მუშაობა დაასრულა და ის საკანონმდებლო ორგანოს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება.
„ინიციატივაზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს წარვუდგენთ უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე. მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. რაც შეეხება გამოსახლებას, ამას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ აღსრულების პოლიცია. თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს, ამის შემდეგ ხდება გამოსახლება. თუმცა მთელი პროცესი, რაც ახლა უწევთ ადამიანებს, როცა მათ ბინაში ცხოვრობს ადამიანი ქირით, არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება წლები ცხოვრობდეს, ბევრად უფრო შემოკლდება და თვეებში დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.