Accentnews.ge
კალაძე: არავის ვურჩევდი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს

კალაძე: არავის ვურჩევდი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს

22/01/2024 11:13:53 საზოგადოება

„დინამო თბილისის" პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებას, საფეხბურთო კლუბის საწვრთნელი ბაზის ადგილზე მცირე საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, სანამ მერის თანამდებობა უკავია, ბაზის დანგრევის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

„დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, გაუგებარია. სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია. არასდროს გავაკეთებ ამას და არავის ვურჩევდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს. თუ ვინმეს ახალი ბაზა უნდა, ვინ ზღუდავს?! უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, რომ ახალი საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს. ეს [ამჟამინდელი ბაზა] ისტორიაა, რომელიც ქვეყანას უნდა დარჩეს“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, „დინამო თბილისის" შეძენით დაინტერესებული არ არის:

„დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება ამ გუნდიდან დაიწყო. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ „დინამო“ შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შესაძლოა, რაღაც იყიდო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ გამართული იყოს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაიმეს ხელს ვკიდებ, მაქსიმალურად მინდა საუკეთესოდ გაკეთდეს. არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს. არანაირი მოლაპარაკების ეტაპი არ ყოფილა. მე არ მაქვს ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კლუბი შევიძინო. მას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რათა გამართული იყოს, ისეთი გუნდი გაკეთდეს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „დინამო“, არ და ვერ გავაკეთებ, რომ იგივე მდგომარეობაში მყავდეს".

რომან ფიფიამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელი ბაზის მომიჯნავედ თბილისის მერიის ნებართვით აშენდა და შენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ფიფიას განცხადებით, ეს ხელს უშლის ფეხბურთელებისთვის მყუდრო გარემოს შექმნას. ამიტომ, ის საფეხბურთო კლუბის ახალი ბაზის მშენებლობის საჭიროებაზე საუბრობს. მან იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერია დაეხმარება.

„უკვე რამდენიმე წელია დინამოს ბაზის გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ფაქტი დღითი-დღე ართულებს კლუბის ყოველდღიურობას და ხელს გვიშლის მოთამაშეებს შევუქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო. ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს, სადაც დინამოელებს იდეალურ პირობებს შევუქმნით. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება ჩვენი აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პირველი გუნდისა და აკადემიის ერთ სივრცეში გაერთიანება, როგორც ეს ბევრ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბში ხდება, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი მოთამაშეები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებაც დაგვჭირდება. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველი ორგანო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S