
Transavia 20 აპრილიდან ამსტერდამის მიმართულებით იფრენს
22/01/2024 09:07:15 საზოგადოება
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.
Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.
ამჟამად ამსტერდამში ავიაკომპანია "აირზენა" დაფრინავს.