აშშ–ში ბიზნესმენი დააკავეს რუსეთში მიკროჩიპების ექსპორტისთვის
19/01/2024 19:07:15 მსოფლიო
ლოს-ანჯელესში 66 წლის ბიზნესმენი ილია კანი დააკავეს ამერიკული მიკროჩიპების უკანონო ექსპორტისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სანქცირებული რუსული კომპანიებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამსახურის პრესცენტრი იტყობინება.
როგორც იუწყებიან, ილია კანი ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეა. ის ეჭვმიტანილია "მილიონობით დოლარის ღირებულების" სპეციალიზებული ამერიკული ტექნოლოგიის რუსულ ჩიპების მწარმოებელზე გადაცემაში, რომელიც, თავის მხრივ, თანამშრომლობს ბევრ სხვა, აშშ–ის მიერ სანქცირებულ კომპანიასთან.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, ბიზნესმენი ამ საქმიანობას ახორციელებდა უკრაინის ომამდე და არ შეუწყვეტია დაკავებამდე.
თუ მისი ბრალეულობა დადასტურდება, ბიზნესმენს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კანი, ამერიკული უწყების თანახმად, არის კომპანიების Senesys Incorporated და Sensor Design Association-ის მფლობელი, რომლებიც, ღია მონაცემების მიხედვით, დაკავებულნი არიან პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით, ასევე პროდუქტის ტესტირებით, რომლებიც გამოიყენება ავიაციასა და კოსმოსურ ტექნოლოგიაში.
სწორედ ამ კომპანიებს იყენებდა, როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, კანი ტექნოლოგიების შეძენისა და გაყიდვის სქემებში.
გარდა ამისა, გამოძიების მასალები ირწმუნებიან, რომ კანმა დაამყარა თანამშრომლობა ტაივანის ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აწარმოებდა მიკროჩიპებს და შემდგომში აწვდიდა მათ რუსეთს, ჰონგ– კონგისა და ჩინეთის გავლით.


