
რა საკითხები გაააქტიურეს NGO–ების წარმომადგენლებმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე
17/01/2024 08:18:08 პოლიტიკა, საზოგადოება
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის რიჩარდ ნეფიუს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა.
ამერიკელ მაღალჩინოსანს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ისაუბრეს შეხვედრის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა.
როგორც ითქვა, საუბარი შეეხო საქართველოში კორუფციის კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის ელიტურ კორუფციას და ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობას.
"ყველაფერზე ვისაუბრეთ, მათ შორის კონკრეტულ საკითხებზეც, სტრატეგიულ თემებზეც, ინსტიტუციურ გადაწყვეტებზეც და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ ჯერ შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას და შემდეგ აქვს შეხვედრა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენი აზრი და საზოგადოების აზრი", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა გიორგი ონიანმა.
„სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, შეხვედრა "საინტერესო გამოდგა".
„მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები და სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობენ. დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოში კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს აღარ არის უბრალოდ აღებ-მიცემობის თემა. საკითხები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, ძირითადად ეხება სტრატეგიულ კორუფციას, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და როდესაც კორუფცია ხდება ეროვნული უსაფრთხოების თემა. ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოს სერიოზული დახმარება სჭირდება - 2024 წელია, საარჩევნო კამპანია დაიწყება მალე, ხელისუფლება დაიწყებს პარტიული ინტერესებისთვის უზარმაზარი ფულის ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო ამოცანებისთვის და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყოველდღიური და ყოველწუთიერი მონიტორინგი იმისთვის, რომ უმძიმესი შედეგები არ დადგეს, რომელიც რთულად დაეტყობა ამ ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ყოველთვის მაგალითებია საჭირო იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყო შენი შეფასებები, შესაბამისად, მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა მთავრობამ „სინოჰიდროს“ საქმით და შეგვიძლია ეს მოვყვეთ და უცებ დავასრულოთ ლაპარაკი, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ჩანს, როგორ ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე, როდესაც ერთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ დასაწყისში. ამიტომ, დაწყებული ბატონი ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში გამგზავრებით და გაგრძელებული სტრატეგიული კორუფციის საქმეებით, რომელიც ჩინურ კომპანიებს შეეხება, ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე,“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისი განმარტებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზე საუბარიც ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან შეხვედრაზე იყო, ანტიკორუფციულ სააგენტოს შეეხებოდა:
„ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც რეფორმას მოჰყვა. მთავარი ორი მიმართულება, რომელიც რეალურად სახეზე უნდა ყოფილიყო - სააგენტოს დამოუკიდებლობა და საგამოძიებო უფლებამოსილება, არ არის სახეზე, ამაზე ვენეციის კომისიამაც მიგვითითა და ძალიან ნათელი და ღია ჩანაწერი გაჩნდა მათ შეფასებაში და ბუნებრივია ამაზე იყო საუბარი“.
ამჟამად რიჩარდ ნეფიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ხვდება. დღესვე იგი შეხვდება პროკურატურისა და სუს-ის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილთან.