
მეუფე ნიკოლოზი: სტალინის ხატზე მოხვედრა უმეცრების ბრალია
16/01/2024 18:38:46 საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახულებას უმეცრებას აბრალებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
"სტალინის მოხვედრა ხატზე, ესეც უმეცრების ბრალი იყო და არავითარი სხვა... ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა, იმათი. აი, ხატმწერმა, რომელმაც დაწერა ეს ხატი, რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა? იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, მე მინახავს ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში და არ მიმიქცევია ყურადღება. ახლა, როცა ასეთი ამბები ატყდა, დავინტერესდი, გავარკვიე ეს ყველაფერი და ორი მნიშვნელოვანი ამბავია: ერთი ის, რომ სტალინი არ ყოფილა საერთოდ წმინდა მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა საერთოდ უმეცრების შედეგია და მეორე – ამის დაკავშირება რუსეთთან, არ არის სწორი: რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და იმათმა იციან და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია უბრალოდ... მიიტანეს ხატი, შეწირეს. თუ გინახავთ, ფიზიკურად დიდი ზომის ხატია და გარშემო არის ცხოვრებისეული სცენები წმინდა მატრონასი, რომელსაც უბრალოდ, ვიღაცა არ დააკვირდა და მამა იოვანემ ამაზე ბოდიში მოიხადა, რომ არ შეათანხმა და დაკიდა პირდაპირ ეს ხატი... ნუ, ხდება ასეთი რაღაც, მოხდა რაღაც ასეთი გაუგებრობა",– თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
იმავე დღეს პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. ხატი მალევე გაწმინდეს და თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. "ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა "ალტ-ინფოს" ორგანიზებით.
16 იანვარს პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულების ჩანაცვლების პროცესს ორგანიზებას საპატრიარქო გაუწევს და არა შემწირველი. მისივე ცნობით, საპატრიარქოს წარმომადგენლები ხატმწერს უკვე დაუკავშირდნენ და სტალინის გამოსახულება სამებაში, სავარაუდოდ, ადგილზე რამდენიმე დღეში ჩასწორდება. ანუ ხატს ეკლესიიდან არ გაიტანენ.
საბჭოთა რეპრესიებმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, საუბარია სულ მცირე, 12 მილიონ ადამიანზე.