
რამდენს დახარჯავს თბილისის მერია წერეთლის რეაბილიტაციაზე კონტრაქტორებთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ
16/01/2024 10:51:09 საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, რატომ გაუწყვიტეს კონტრაქტები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს.
მისი თქმით, დაფიქსირდა ვადების გადაცილება და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ამასთან, ბენდელიანი ამბობს, რომ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს ალტერნატიული კომპანიების მოძიება და ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება.
„გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს - იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი," - განაცხადა მერის მოადგილემ.
ამასთან, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ის თანხები დაიხარჯება, რაც თავიდანვე იყო გამოყოფილი:
„ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშოებს გააგრძელებენ, თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზი დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართ, ამ სამუშაოების თანხა არ იქნება გადარიცხული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება ამ მიმართულებით. ის თანხა, რაც იყო გამოყოფილი, დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება ახალ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მერიამ კომპანიებს "მილენიუმ ბილდერსა" და "ერტედეს" ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტები შეუწყვიტა.