
ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს
12/01/2024 15:34:25 საზოგადოება
საქართველოში ისრაელის საელჩო "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე მუსიკოს ერეკლე დეისაძის კომენტარებს ავრცელებს და მას ანტისემიტიზმში ადანაშაულებს.
"ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა... გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა", - წერია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც დიპლომატიური უწყება იტყობინება, დეისაძის განცხადება უნდა დაიგმოს.
„ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა ჰამასს, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს.
მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი „ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური.
ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი", - აცხადებს საელჩო.
საელჩომ სოციალური ქსელებიდან გამოაქვეყნა ერეკლე დეისაძის კომენტარებიც, რომლებშიც მუსიკოსი წერს, რომ „ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს". ისრაელს კი მან „ოკუპანტი სახელმწიფო" უწოდა.