
სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
12/01/2024 13:45:49 საზოგადოება
12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისი ცნობით, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.