
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – სტალინის გამოსახულებიან ხატზე: მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, შენდობას ვითხოვ, ტაძარში ხატის დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის
12/01/2024 12:04:16 საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება და "შენდობას ითხოვს".
„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან", - წერს იგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
7 იანვარს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან პროტესტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.