
პენცენტრი – კეკელიძეზე: ჩნდება კითხვები მისი მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო
12/01/2024 07:20:11 საზოგადოება
საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს".
"11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“
გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა.
საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იქნება.