
ისტორიაში პირველად, ქართულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
12/01/2024 06:08:09 საზოგადოება
ისტორიაში პირველად, ქართულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების წევრები – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერები იყვნენ 71.30 ქულით. ისინი გერმანელ მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს 1,67 ქულით უსწრებდნენ, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ იტალიელებს - ლუკერცია ბეკარისა და მატეო გუარისეს - 4,25 ქულით.
თავისუფალ პროგრამაში მეტელკინა-ბერულავას დუეტმა 124,84 ქულა მოაგროვა, რაც მეხუთე შედეგი აღმოჩნდა. საუკეთესო ბეკარი-გუარისეს წყვილი აღმოჩნდა, თან ისეთი მაღალი მაჩვენებლით (132,14), რომ შეჯამებული ქულებით (199,19) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი 196,14 ქულით დაასრულეს. ბრინჯაოს კი კიდევ ერთი იტალიური დუეტი რებეკა ჯილარდი და ფილიპო ამბროზინი დაეუფლა, 195,68 ქულით.
13 იანვარს მედლები ქალთა შეჯიბრებაში გათამაშდება და ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა.