
Human Rights Watch-ის ანგარიში: "საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო“
11/01/2024 19:03:00 საზოგადოება
Human Rights Watch–ის ახალი ანგარიშის თანახმად, "საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო".
ყველაზე მწვავე საკითხებს შორის, რომლებიც დომინირებდა შარშან ქართულ პოლიტიკაში, ჩამოთვლილია დაძაბულობა მთავრობის მიერ 12 პრიორიტეტული პირობის შესრულების გარშემო, რომლებიც ევროკავშირმა დაუსახა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ანგარიშში საუბარია, მათ შორის ‘უცხოეთის აგენტების’ შესახებ კანონპროექტზე:
„ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი ‘უცხოეთის აგენტების’ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავაც რჩებოდა პასუხისმგებლობის დეფიციტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებისთვის, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მედიაზე თავდასხმას, ისევე, როგორც შრომის უსამართლო პირობებს. ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლგბტ) უფლებები. პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა „აგენტების შესახებ კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ეს ზომები იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი სამართალდამცავების მოქმედებების გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ 124 საჩივარი მიიღო".
დოკუმნეტში აღნიშნულია, რომ "გაერო–ს სპეციალურმა მომხსენებელმა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შეშფოთება გამოხატა „უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის გამო".
ანგარიშში ნათქვამია, რომ სექტემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სავარაუდო „შეთქმულების“ თაობაზე, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID აფინანსებდა:
"აშშ– ის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ანგარიშის დაწერის მომენტისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათობით აქტივისტი დაკითხეს, მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რათა არ დაეშვათ ამ საქმის საჯაროდ განხილვა".
ანგარიშის ავტორები ახსენებენ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის ფაქტს:
„ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არავინ დაუკავებიათ თავდასხმასთან დაკავშირებით".
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ტრანსგენდერებს არ მისცა საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის უფლება სქესის შესაცვლელი სამედიცინო პროცედურების გაუვლელად.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე:
"ევროპარლამენტმა თებერვალში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უცხოეთში".