
ინაშვილი: წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით საპატრიარქომ გადაწყვეტილება ხელისუფლების "რჩევით" მიიღო
11/01/2024 15:20:20 პოლიტიკა, საზოგადოება
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ გადაწყვეტილება წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ხელისუფლების "რჩევით" მიიღო. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
"ნათელია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს... ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე - ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ", - აცხადებს ინაშვილი.
ცნობისთვის: ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
7 იანვარს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან პროტესტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.