
ირმა ინაშვილი – სტალინის გამოსახულებიან ხატზე: სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია
11/01/2024 11:22:41 საზოგადოება
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საპატრიარქოს ეთანხმება მოწოდებას, სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!” – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
7 იანვარს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან პროტესტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.