
ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან
11/01/2024 06:37:51 საზოგადოება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ხარკოვის მერია და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებიან. ხარკოვზე სარაკეტო იერიში 10 იანვარს, ღამით, განხორციელდა.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ არის.
ხარკოვის მერის იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
ტერეხოვის ცნობით, სასტუმროს გარდა, დაზიანებულია ორი სახლი, ავტოსალონი და საწარმოს შენობა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ხარკოვის ცენტრში, 3-სართულიან სასტუმროსთან, სარაკეტო დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, 11 დაშავებულიდან საავადმყოფოში გადაყვანა 9-ს დასჭირდა. მათგან ერთის, 35 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.
2023 წლის დეკემბრის ბოლოდან რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვს თითქმის ყოველდღე უტევენ.