
ნატა ფერაძე: ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს
10/01/2024 17:04:16 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის განცხადებით, მის მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ.
„ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს“, - წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეომასალას აქვეყნებს.
ამასთან, თავად აქტივისტების განცხადებით, აგრესიული პირები სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს.
„მოვდიოდით მეგობრებთან ერთად, აქ იდგა ჯგუფი, არც ვიცოდი „ალტ-ინფოელები“ იყვნენ თუ ვინ იყვნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი ჯგუფის მიმართ. მოვბრუნდი, ვკითხე ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება“, - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი “მთავარ არხთან“.
დღეს ნატა ფერაძის სახლთან პროტესტი გაიმართა. მანამდე, მან გაავრცელა ვიდეო, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში საღებავი შეასხეს წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.