
აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტი მიმდინარეობს
10/01/2024 11:20:20 საზოგადოება
აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტი მიმდინარეობს. შეკრებილები აპროტესტებენ საღებავის შესხმას სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა".
აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.
თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ასევე სტალინია გამოსახული.
გუშინ ხატს საღებავი შეასხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.