
თბილისის მერის მოადგილე: არანაირი საგზაო სამუშაოები 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს
10/01/2024 09:09:02 საზოგადოება
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„ჩვენ, რუსთაველის გამზირზე წელს დაგეგმილი გვაქვს, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი არ არის, როგორც ამას რამდენიმე ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი საგზაო სამუშაოები წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს. ტენდერი უახლოეს პირობებში გამოცხადდება უკვე პროექტირებებზე. რამდენიმე ლოტად იქნება დაყოფილი. რამდენიმე თვეში ჩავიბარებთ ჩვენ ამ პროექტებს და დაახლოებით, მეორე კვარტალში უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
2023 წლის 15 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმებოდა.