
საპატრიარქო: სამებაში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, ტაძარში ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა დროებით შეიზღუდება
10/01/2024 09:00:24 საზოგადოება
ორი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში მხოლოდ მედიასაშუალებების ის წარმომადგენლები დაიშვებიან, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნიათ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
მისი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.
„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.