
სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს
09/01/2024 13:26:19 საზოგადოება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ლურჯი საღებავი შეასხეს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე სტალინია გამოსახული.
ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოცილაურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინია გამოსახული.
იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია, ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.