Accentnews.ge
სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა

სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა

09/01/2024 10:00:01 პოლიტიკა

საბორნე მიმოსვლა, რომელიც ზემო ლარსის საგუშაგოს ალტერნატივად უნდა გამხდარიყო და სომხური ტვირთის საქართველოს გავლით რუსეთში ჩატანას უზრუნველყოფდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა, მაგრამ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს შორის საკმარისი ინტერესი არ გამოიწვია, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით საზღვაო ტვირთების გადაზიდვა 2023 წლის მაისში დაწყო, პროექტი სომხეთის ხელისუფლების მიერ იყო სუბსიდირებული.

”ჩვენ ვემსახურეთ საბორნე მარშრუტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებაზე”, - თქვა კერობიანმა.

„ჩვენი შეფასებით, (პროექტს) არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში. ჩვენ არ გვინახავს ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც ამ ბორანს იყენებდნენ ისე, რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა ამ პროგრამის გაგრძელებაში“, - თქვა კერობიანმა.

მინისტრის თქმით, 2023 წელს რუსეთი კვლავაც იყო სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ მისი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ოდნავ შემცირდა. „შემდეგ არიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ. ეს უკანასკნელი (ქვეყანა) ამ სიაში პირველად არის“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ტვირთების გადაზიდვა ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო მარშრუტზე არარეგულარული და კომერციული ხასიათისაა.

2022 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ სომხეთმა მიმართა ქართულ მხარეს რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნის თხოვნით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გადატვირთულობის გამო.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“

2022 წლის ნოემბერში ვაჰან კერობიანმა საქართველოდან რუსეთში საბორნე გადასასვლელის დაგვიანების მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს ფოთის პორტის ოპერატორი მკაცრად აკონტროლებს ევროპული და ამერიკული სანქციების დაცვას. კომპანიაში, კერობიანის თქმით, არ უპასუხეს, რამდენი დრო დასჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღებას ამა თუ იმ ტვირთის დაშვების ან არდაშვების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S