
„საქართველოს ფოსტა“: ამანათებზე ტარიფების ზრდა საშუალოდ, 15%-ით მოხდა
09/01/2024 08:00:20 საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ აცხადებს, რომ ამანათებზე ტარიფების ზრდა საშუალოდ, 15%-ით მოხდა. თუმცა მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, რომელი სერვისი რამდენი პროცენტით გაძვირდა.
როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, აღნიშნული "განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა დაუწყვეტობისთვის".
„საქართველოს ფოსტამ“ ადგილობრივი და საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა. განახლებული ტარიფები ფოსტის ვებ–საიტზეა განთავსებული.
ოფიციალური განცხადებისგან განსხვავებით, ფოსტის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მასშტაბით 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანა გაძვირდა და 19 ლარი შეადგინა. (აქამდე 8.5 ლარი ღირდა). გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვისცენტრიდან გატანის საფასურიც, ახლა ის 14 ლარს შეადგენს. „საქართველოს ფოსტის“ "ცხელ ხაზზე" „ბიზნეს ფორმულას“ უთხრეს, რომ გაუქმდა მცირე პაკეტები და, შესაბამისად, მინიმალური თანხა, რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს 14 ლარია.
გაიზარდა საერთაშორისო ტარიფებიც. აშშ-ში 1 კილოგრამი ამანათის თვითმფრინავით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარი გახდა. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.